Google-მა პირველი მაღაზია ლონდონში გახსნა

Google არსებობის ისტორიაში პირველად, საცალო გაყიდვების ბაზარზე შედის. დღეს კომპანიამ პირველი გიგანტური მაღაზია ლონდონში გახსნა, სადაც მათი პროდუქტები - Chromebook ლეპტოპები, ანდროიდის ტელეფონები და Chromecast სტრიმერები გაიყიდება.

Apple-ის მაღაზიებისგან განსხვავებით, Google-ის მაღაზია რეალურად დიდი მაღაზიის ნაწილია. ის Currys PC World-ის (დიდი ბრიტანეთის ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელის) ერთ-ერთ დიდ ცენტრშია მოთავსებული.

"მოწყობილობები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიყენებთ, საოცარი სისწრაფით ვითარდება. მაგრამ მათი შეძენის პროცესი, უკვე წლებია, არ შეცვლილა," - განაცხადა ჯეიმს ელიასმა, Google UK-ს მარკეტინგის დირექტორმა მაღაზიის გახსნისას. "Google-ის მაღაზიაში ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ უნიკალურ გარემოს, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, ითამაშონ და გაიგონ მეტი იმ პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ".

Google-ის პირველი მაღაზია შემდეგ კუთხეებს მოიცავს:

Portal

პორტალი - ასე ეწოდება ეკრანების უზარმაზარ კედელს, რომელიც თაჩ-დისპლეიდან იმართება და ზედ Google Earth-ია გაშვებული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაუფრინოს დედამიწას და "ჩავიდეს" მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე.

Doodle Wall

ამ კედელზე გრაფიტის მხატვრებს (ან ყველა სხვას) შეუძლიათ ვირტუალური, ციფრული "სპრეი"-საღებავებით მოხატონ Google-ის ლოგო, შედეგი კი სოციალურ ქსელებში გააზიარონ.

მოწყობილობების მაგიდა

Apple Store-ის მსგავსად, ეს ხის მასიური მაგიდაა, რომელიც მაღაზიის შესასვლელში დგას და 16 ჩართული მოწყობილობაა წარმოდგენილი. ეს ლეპტოპები და სმარტფონები თავისუფლადაა მოთავსებული, ასერომ ნებისმიერი მათგანის მოსინჯვა ყველას შეუძლია.

Play Pod

ეს Chromecast-ის კუთხეა, სადაც იგი ჩვეულებრივ ტელევიზორშია შეერთებული. დამთვალიერებლებს შეუძლიათ გამოსცადონ Chromecast, მართონ იგი ანდროიდის ტაბლეტით და უყურონ კონტენტს Google Play Store-დან.

Shadowbox

ეს მაღაზიის ვიტრინაა, რომელშიც მონაცვლეობით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა არტისტების ინსტალაციები. ამჟამად აქ რუბ გოლდბერგის მანქანაა გამოფენილი, სადაც Google-ის ლოგო ლონდონის ცნობილი ღირსშესანიშნაობებითაა აწყობილი.