ესპანეთის სამეფომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ესპანეთის სამეფომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის უკვე 24 ქვეყანა უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და დამოუკიდებლობას. 

დარჩა ევროკავშირის წევრი 4 ქვეყანა, რომლებსაც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ: იტალია, საფრანგეთი, ბელგია და საბერძნეთი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის მხარდაჭერა თითოეული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან სამართლებრივი პროცესია.

"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას" 2014 წლის 27ივნისს მოეწერა ხელი და მან 1996 წელს ხელმოწერილ "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" (Partnership and Cooperation Agreement - PCA) ჩაანაცვლა.

ახალი ხელშეკრულება შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით, "ასოცირების შესახებ შეთანხმება" ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.