ქალაქ ფოთის მაცხოვრებლებს კოღოები აღარ შეაწუხებთ

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ფოთში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს.

კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სისტემატურად განხორციელდება მანამ, სანამ ამ მიმართულებით მოსახლეობის პრობლემა არ მოგვარდება. აღსანიშნავია, რომ ქიმიური წამლობისთვის გამოყენებულია პრეპარატები, რომლებიც ადამიანისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით 612 ჰა (ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი უკვე დაამუშვა. ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდა წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (ბათუმში - 16 ჰა, ფოთში - 40 ჰა), სადაც კოღოს მატლების გავრცელება მასობრივად აღინიშნებოდა.

ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად შექმნილია წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად და ეფექტიანია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ კოღოების საწინააღმდეგო წამლობა უკვე განხორციელებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც 1200 ჰა ფართობი შეიწამლა.