"კლასი" - ახალი ონლაინ პროექტი ბავშვების რეალური ცხოვრების შესახებ

ფეისბუქში ახალი სოციალური პროექტი "კლასი" გამოჩნდა, სადაც სკოლის მოსწავლეები საკუთარი ისტორიების შესახებ ყვებიან. 

"კლასის" მიზანი ბავშვების რეალურ ყოველდღიურობაზე, იმ ტაბუდადებულ მოვლენებზე და თემებზე საუბარია, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდებოდა და ხდება, თუმცა ამ გამოცდილებებზე რატომღაც არ ვსაუბრობთ.

პროექტის ავტორები ბავშვების მოყოლილ ისტორიებს მხატვრულ სახეს აძლევენ და ისე აქვეყნებენ. თითოეული პერსონაჟის სახელი და გვარი გამოგონილია, ამასთან, თემები და გამოცდილებები იმდენად მაშტაბურია, რომ კონკრეტული ბავშვის იდენტიფიკაცია შეუძლებელია.

"გარდა ბავშვებს შორის ურთიერთობებისა, გვინდა ვაჩვენოთ მშობლების საქციელები, რომლებსაც თვითონ უმნიშვნელოდ მიიჩნევენ ხოლმე, მაგრამ ყველა ჩვენგანზე აქვს უდიდესი გავლენა და ჩვენი პიროვნებებისა და სოციალური სტატუსის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს" - ამბობს პროზაული სერიალის ავტორი.

იდეა ბრიტანული სერიალის Skins-ის შთაგონებით გაჩნდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეების დრამატული ცხოვრებაა ნაჩვენები. ახალი ქართული ონლაინ ექსპერიმენტის მიზანია, საზოგადოებას იგივე რეალური სიცხადით აჩვენოს ის ეპიზოდები ბავშვების ცხოვრებიდან, რომელიც მათ წარმოდგენებზე, განვითარებაზე და მომავალზე გავლენას ახდენს.

Skins

ჩანაწერების წაკითხვა პროექტის ფეისბუქ-გვერდზე შეგიძლიათ. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ფეიჯს თავიანთი ისტორიების შესახებ მიწერონ და სამყაროს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

დღეს უამრავი სკოლის მოსწავლე იყენებს ფეისბუქს. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ამბები, რომლებიც გადახდათ მასშტაბურია და ისინი მხოლოდ მათ თავს არ ხდება. უცნობი ბავშვების მონათხრობი ისტორიები მათ თავიანთ გამოცდილებაზე სხვადასხვა მხრიდან შეახედებს, რაც მათში ტოლერანტობის გრძნობას გაზრდის, ან უბრალოდ პრობლემის გადაფასებაში დაეხმარება. 

პროექტი მშობლებს, მასწავლებლებს და ბავშვების ცხოვრებაში მონაწილე სხვა უფროსებსაც დააფიქრებს იმ სიტუაციებზე, რომლებსაც აქამდე ყურადღების მიღმა ტოვებდნენ.

კარგი იქნება პროზაული სერიალის ერთ დღეს წიგნად ხილვა. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე რეალური მხატვრული ნაწარმოები იქნებოდა. ორგანიზატორებს წიგნის გამოცემა გეგმაში არ აქვთ, თუმცა წინააღმდეგნი არ იქნებიან, თუ ვინმე დაინტერესდება მათი მხატვრულად მოთხრობილი ბავშვების ისტორიის სხვა მედიუმში გადატანაზე.