ხვალ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტები გაიხსნება

მორიგი კარგი ამბავი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ფარგლებში ხორციელდება. 

ხვალ, 23 ივლისს, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის 11 კორტი ოფიციალურად გაიხსნება, ესაა ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად Tbilisi 2015-სთვის აშენდა.

12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გადაჭიმული 9 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტი სულ მალე ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლებს. ცენტრალური კორტების გასწვრივ, ტრიბუნა 700 მაყურებელს დაიტევს.

ოლიმპიური ფესტივალის კომიტეტის ცნობით, კორტების ჰარდის საფარი შემადგენლობითა და ტექნოლოგიით იმ საფარის პირდაპირი ანალოგია, რომელზეც აშშ-ის ღია პირველობის ტურნირი ტარდება, ასე რომ ახალ საჩოგბურთო კომპლექსს თავისუფლად შეუძლია საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

კომპლექსში მწვრთნელებისა და სპორტსმენების ვარჯიშისა და კომფორტისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი - ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, საშხაპეები, პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები და სატრენაჟორო დარბაზი.

სპეციალურად მე-13 ოლიმპიური ფესტივალისთვის, კორტებზე მედია ცენტრი გაკეთდა, საიდანაც სპორტული კომენტატორები და მასთან მყოფი გუნდი განთავსდება და ყოველი თამაშის შემდეგ უახლეს ინფორმაციას მიაწვდის თავის გამომცემლობას.

27 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით მატჩები 8 ღია კორტზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.