ქართული ფილმი სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

14-22 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო საერთაშორისო კინოფესტივალს ოცდამეერთედ უმასპინძლებს. ჩვენს სასიხარულოდ, მის საკონკურსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის დათა ფირცხავალავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მამა" მოხვდა.

დათა ფირცხალავას "მამამ", 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა. სიუჟეტში ახალგაზრდა 2 ძმასთან ერთ დღეს დიდი ხნის წინ გაუჩინარებული მამა ბრუნდება. ძმებს მის მიმართ ცივი დამოკიდებულება აქვთ. ერთ-ერთ ძმას ლადოს, მამასთან ბევრი კითხვა უჩნდება, პასუხებს კი თავს გადახდენილი ისტორიის შემდეგ თავადვე პოულობს.

კადრი ფილმიდან "მამა"

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა "გრძელმა ნათელმა დღეებმა" გაიმარჯვა, რომელიც 1990-იანი წლების თბილისში მცხოვრებ გოგონებზე გვიყვება ამბავს.

კადრი ფილმიდან "გრძელი ნათელი დღეები"

სარაევოს კინოფესტივალი სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის პირველი და წამყვანი კინოფესტივალია. ის 1995 წლის ოქტომბერში, სარაევოს ალყის დროს დაარსდა და მისი მიზანი სარაევოს მულტიკულტურული და ტოლერანტული გარემოს აღდგენა და შენარჩუნება იყო. ალყისა და მძიმე ზოგადი ფონის გამო ორგანიზატორები დამსწრეთა მცირე რაოდენობას ელოდნენ, მაგრამ მათდა გასაკვირად, ორკვირიან ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 15 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება.

2007 წლიდან, ბერლინალესთან თანამშრომლობით ფესტივალს დაემატა კამპუსი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორების დასახმარებლად. ეროვნული კინოცენტრის თქმით, აღნიშნულ სექციაში "ახალგაზრდა ტალანტების პლატფორმა" მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან ორი ქართველი რეჟისორი - კონსტანტინე კალანდაძე და შორენა თევზაძე გაემგზავრება, სადაც ისინი ცნობილი კინოექსპერტების გამოცდილებას გაეცნობიან.

2001 წელს სარაევოს კინოფესტივალი ევროპის ფილმების ასოციაციამ შეიყვანა იმ თერთმეტ ფესტივალში, სადაც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვლინდება.