ბიოლოგებმა იშვიათი 215 კილოგრამიანი ტყავიანი კუ გადაარჩინეს

სამხრეთ კაროლინას შტატის აკვარიუმის ბიოლოგები გასულ კვირას ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გამორიყულ, იშვათ 215 კილოგრამიან ტყავიან კუს მკურნალობენ.

შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ცნობით, დღემდე შეერთებულ შტატებში ამ სახეობის მხოლოდ 5 წარმომადგენლის გადარჩენა მოხერხდა.

გადაშენების ზღვარზე მდგარი კუ ჯორჯთაუნთან მდებარე იოკის–სამხრეთ კუნძულის ნაკრძალში იპოვეს გამორიყული და ადგილის საპატივცემლოდ იოკი დაარქვეს.

კუ ჯერ მხოლოდ ათი წლის არის და ამიტომ ბიოლოგებმა მისი სქესის დადგენა ვერ მოახერხეს.

იოკის გარეგნული ტრავმები არ აღენიშნება, თუმცა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო ექიმების დახმარება დასჭირდა. აკვარიუმის თანამშრომლებმა მას ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და მინერალური ზეთებით უმკურნალეს. მკრუნალობამ შედეგი გამოიღო და კუ თავს უფრო ენერგიული გახდა.

ტყავიან კუს უჭირს ტყვეობაში არსებობა. ამიტომ უახლოეს დღეებში მისი გაშვება იგეგმება. აკვარიუმის თანამშრომლები შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან ერთად მის ოკეანეში დასაბრუნებლად საუკეთესო ადგილის ძიებაში არიან.

ტყავიანი კუს სახეობა მსოფლიოში უდიდესია და მისმა წონამ შეიძლება 900 კგ–ს მიაღწიოს.