ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ დღეიდან ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

დღეიდან მთელი კვირის ჩათვლით ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატი „არსენალის მთა ღამით“ ეროვნულ გალერეაში იქნება გამოფენილი. საგამოფენო სივრცეში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. „არსენალის მთა ღამით“ 2015 წლის 1 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა Christy's-ის აუქციონზე შეიძინა და საჩუქრად საქართველოს გადასცა.

„დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციაა დაცული. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება. აღსანიშნავია, რომ ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ 1919 წელს ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.