ტყუპმა დებმა ერთმანეთი YouTube-ის საშუალებით იპოვეს

ანაის ბორდიერმა ყოველთვის იცოდა, რომ აიყვანეს. მის კორეულ გარეგნობას და ქერა, ცისფერთვალება მშობლებს შორის არაფერი იყო საერთო. გოგონა ბუსანში, სამხრეთ კორეაში დაიბადა, თუმცა საფრანგეთში გაიზარდა. მის შვილად აყვანის დოკუმენტებში ეწერა, რომ მისი დედა ძალიან ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ქალი იყო, რომლისთვისაც ის ერთადერთი შვილი იყო.

2012 წელს, ლონდონში ყოფნისას, გოგონა მოდის ხელოვნებას სწავლობდა, როდესაც მის ფეისბუქის კედელზე სხვა სტუდენტმა YouTube-ს ვიდეო დაპოსტა. "ვიდეოში აშკარად მე ვიყავი, მაგრამ თან არასდროს გადამიღია YouTube-ის ვიდეო. რაც უფრო ხშირად ვუყურებდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემს და ვიდეოში მყოფი გოგონას შორის განსხვავება მხოლოდ ამერიკული აქცენტი და განსხვავებული სტილის ტანსაცმელი იყო." - ყვება ანაისი ჰაფინგტონპოსტის ჟურნალისტთან საუბრისას.

ვიდეოს აღწერაში არ იყო მითითებული ანაისის იდენტური გოგონას სახელი და გვარი და მისი მოძებნა შეუძლებელი იყო. 1 თვის შემდეგ, ანაისს მეგობარმა უთხრა, რომ YouTube-ზე მისი ორეულის ახალი ვიდეო გამოჩნდა. ვიდეო ახალი ფილმის ტრაილერი იყო, სადაც მონაწილეების სახელების ნახვაც შეიძლებოდა, ასე გაიგო ანაისმა რომ მის ორეულს სამანტა ფატერმანი ერქვა.

"ინფორმაციის აღმოჩენის დროს ავტობუსში ვიჯექი. ვკითხულობდი, რომ ისიც, ჩემსავით 1987 წლის 19 ნოემბერს კორეაში დაიბადა. ავღელდი, ავტობუსი დავტოვე და დედას დავურეკე, რომელმაც მკითხა ის, რისი გაფიქრებასაც ვერ ვბედავდი "შენი აზით, ის შენი ტყუპისცალია?"

სახლში მისვლისას სამანტას წერილი გავუგზავნე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი, სადაც ვთხოვდი რომ ჩემი ფეისბუქის სურათები ენახა. მან მალე მიპასუხა, სადაც შვილად აყვანის დოკუმენტებს მიგზავნიდა მესიჯით - "ჩვენ ნამდვილად ტყუპები ვართ!".

ამის შემდეგ, დავიწყეთ ერთმანეთისთვის სურათების გაგზავნა და სკაიპში საუბარი დავგეგმეთ. ძალიან ვნერვიულობდი. ჩვენ ერთნაირი მანერები, ერთნაირი სიცილი გვქონდა. თმაც კი ერთ სტილზე გვქონდა შეჭრილი. 3 საათის განმავლობაში ყველაფერზე და არაფერზე შეუჩერებლად ვისაუბრეთ. ამის შემდეგ, ყოველდილით ვამოწმებ მის ინსტაგრამს, რომ დავრწმუნდე, რომ ის მართლაც არსებობს" 

კალიფორნიის უნივერსტეტის დოქტორმა და ტყუპების შესახებ კვლევების სპეციალისტმა ნანსი სეგალმა, გოგონებს დნმ-ს ანალიზის ჩატარება შესთავაზა, ორეულებმა შეხვედრა გადაწყვიტეს და ანაისს სამანტა თავისი ოჯახით ინგლისში ესტუმრა.

ანაისმა შეხვედრაზე მხარდასაჭერად დედას საფრანგეთიდან ჩამოსვლა სთხოვა და მეგობრებიც მოიწვია შინ. "წარმოუდგენლად ვნერვიულობდი. როდესაც პირველად დავინახე, ვცდილობდი არ მივშტერებოდი და თან არ შემეძლო სხვა რამისთვის მეყურებინა, როცა მან მოულოდნელად სიცილი დაიწყო, მივუახლოვდი და მხარი გავკარი, ჩვენ პირველი ფიზიკური კონტაქტი გვჭირდებოდა. როდესაც ვუყურებდი, მივხვდი როგორ გამოვიყურებოდი, როცა სარკეში არ ვიყურებოდი."

შემდეგ ლანჩზე წავედით და გზაში ერთმანეთს ვუყურებდით, ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს პარალელურ სამყაროში ვიყურებოდით. ჩვენ იმდენად ერთნაირები ვართ, ზუსტად ანალოგიური რეაქციები და იუმორის გრძნობა გვაქვს. ერთმანეთისთვის არაფრის ახსნა გვიწევდა, ისე გვესმოდა ყველაფერი ჩვენს შესახებ. იმ საღამოს, ექიმ სეგალს დავურეკეთ სკაიპით, რომელსაც უკვე ჰქონდა ჩვენი დნმ-ის პასუხები.

"შეგიძლიათ ერთმანეთს ჩაეხუტოთ, თქვენ ნამდვილად ტყუპები ხართ" - გვითხრა მან ღიმილით. ჩვენს გარშემო ისეთი განწყობა სუფევდა, თითქოს ვიღაცამ ფეხბურთის მატჩი მოიგო. ყველას უხაროდა" - ყვება ანაისი.

გოგონებს სურდათ გარეკვიათ, რატომ განაცალკევეს ისინი, თუმცა მათ მშობელ დედასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან შვილად აყვანის დოკუმენტებში მისი შეცვლილი სახელი წერია. გოგონებმა აღმოაჩინეს, რომ ორივეს ძალიან მოსწონს სერფინგი. სამანტა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ანაისი საფრანგეთშია, თუმცა ისინი განსაკუთრებულ დღესასწაულებს და არდადეგებს ერთად ატარებენ. მათი მშობლები კი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა და არასდროს მქონია განცდა, რომ რაღაც მაკლდა, თუმცა ყოველთვის მსურდა რომ მყოლოდა ოჯახის წევრი, რომელთანაც გარეგნულად მსგავსებას ვიპოვიდი. რა შეიძლებოდა მენატრა უფრო მეტად, ვიდრე ტყუპისცალი, რომელიც შენი იდენტურია? ახლა მე სამანტა მყავს" - ამბობს ანაისი ჰაფინგტონპოსტის ჟურნალის ანტონია ბლაზთან.