ალტერ დრამა - "პატარა უფლისწული" მოძრაობის თეატრში

საქართველოს აუტიზმის საზოგადოება მოძრაობის თეატრში სპექტაკლს წარმოგვიდგენს, რომელშიც მონაწილეობას პროფეიონალ მსახიობებთან ერთად შშმ პირები მიიღებენ.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის თეატრალიზირებული "პატარა პრინცის" რეჟისორი ლაშა როსტობაიაა. ამ გზით, პროგრამის ორგანიზატორები "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ბენეფიციარების სახით ეცდებიან საზოგადოებას აჩვენონ, როგორი მნიშვნელოვანია საზოგადოების განსხვავებული წევრებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა.

"მსოფლიო გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ კულტურა და განსაკუთრებით სინთეზური ხელოვნების დარგი - თეატრი, საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ შეიქმნას ალტერნატიული გარემო. მისი არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას და მათთან საზოგადოების თითოეული წევრის ყველაზე სასურველი ფორმით დაახლოებას." - წერს საქართველოს აუტიზმის საზოგადოება ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე.

"ალტერ დრამას" მიზანია, ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანებს თვითგამოხატვა და თეატრის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებს ახალი გამოცდილება და უნარჩვევები შესძინოს, რაც შემდგომში გააღრმავებს ინკლუზიური დრამის დანერგვის პროცესს.

"ინკლუზიური დრამა გულისხმობს მულტიდისციპლინარულ მიდგომას, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები - ფსიქოლოგები, ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, სოციალურ სფეროში მომუშავე პირები, სტუდენტები, დასის წევრების მშობლები; სწორედ ასეთი მრავალმხრივი ჩართულობა და მონაწილეობა განაპირობებს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდას და ცნობიერების ამაღლებას."

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.