ლეონარდო დიკაპრიომ გარემოს დასაცავად 15 მილიონი დოლარი გადარიცხა

ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 15 მილიონ დოლარს ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად გაიღებს. ლეონარდოს თქმით, ჩვენი პლანეტის განადგურება ისეთი სისწრაფით მიდის, აღარ გვაქვს უფლება,  ყურადღება  არ მივაქციოთ მას.

40 წლის მსახიობი მთელი თავისი კარიერის მანძილზე ცნობილი იყო, როგორც აქტიური გარემოს დამცველი. ლეონარდომ თავისი სახელობის ფონდი 1998 წელს დაარსა. მას შემდეგ იგი რეგულარულად ურიცხვავს თანხას ორგანიზაციებს, რომლების გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ბუნების გადასარჩენად იბრძვიან. ფონდი მსოფლიოს 40 ქვეყანაში მოღვაწეობს.

ლეონარდო არის 2014 წელს გადაღებული ფილმ VIRUNGA-ს აღმასრულებელი პროდიუსერი. VIRUNGA დოკუმენტური ფილმია, რომელიც მოგვითხრობს გადაშენების პირას მყოფი გორილებისათვის მებრძოლ ეკო-აქტივისტებზე. ფილმი ლეონარდო დიკაპრიოს და კომპანია Netflix-ის ერთობლივი ნაწარმია.

ამ წლის დასაწყისში ლეონარდო დიკაპრიოს კომპანიამ და Netflix-მა დადეს მრავლწლიანი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ისინი მომავალშიც შემოგვთავაზებენ ფილმებს, რომლებიც  ბუნების პრობლემებს გააშუქებენ.

2014 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების კლიმატის სამიტზე ლეონარდო დიკაპრიომ მსოფლიო ლიდერებს მიმართა: "როგორც მსახიობი, მე ვთამაშობ გამოგონილ გმირებს და ვჭრი არარსებულ პრობლემებს. ვფიქრობ, კაცობრიობა კლიმატის ცვლილების პრობლემებს ზუსტად ასევე უყურებს. თითქოს ის არ იყოს რეალური. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასე არ არის. ჩემო მეგობრებო, ამ შეკრების წინაშე ახლა დგას ეს რთული, მაგრამ მოგვარებადი პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისტორია ან დარჩეთ შერცხვენილები."