თბილისში ორი სპორტული არენა განახლდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თბილისში ორი სპორტული არენა - ვერის საკალათბურთო დარბაზი და ძიუდოს აკადემია განახლდა.

ქართველ სპორტსმენებს უკვე შეუძლიათ განახლებულ დარბაზებში ვარჯიში.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში ვერის საკალათბურთო დარბაზი გოგონათა გუნდებს მიიღებს, ხოლო ძიუდოს აკადემია ევროპის მასშტაბით ნებისმიერ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლებს.

ძიუდოს აკადემიის რეკონსტრუქცია 11 თვეს გაგრძელდა, ხოლო ვერის საკალათბურთო დარბაზის განახლება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს, საქართველოს 13-დან 18 წლამდე ასაკის 4 ათასამდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა. საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 ათასს მიაღწევს.

ფესტივალთან დაკავშირებით, გუშინ თბილისში ახალი სპორტის სასახლე გაიხსნა, რომლის აშენებაც დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობდა, ხოლო ეროვნულმა ბანკმა "თბილისი 2015"-ის აღსანიშნავად საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა.