ბალტიმორის რესტორანი 5 დღე-ღამის განმავლობაში უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლებს

ბალტიმორის რესტორნის მფლობელმა გადაწყვიტა 1 კვირით კლიენტები აღარ მიიღოს, სამაგიეროდ, 5 დღე-ღამის განმავლობაში უსახლკაროებს იწვევს და მათ უფასოდ, საუკეთესო კერძებით გამასპინძლებას ჰპირდება.

რესტორან Tabrizi's-ის მფლობელის მაიკლ ტაბრიზის განცხადებით, ქალაქში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანებს ისინი 20-დან 25 ივლისის ჩათვლით მიიღებენ.

"ეს ადამიანები არა მხოლოდ შიმშილით იტანჯებიან, ასევე ფიქრობენ, რომ ღირსებები აღარ შერჩათ. ჩვენ გვსურს ისინი გვეწვიონ და იგრძნონ, რომ მათზე ისევ ზრუნავენ." - უთხრა მაიკლმა ბალტიმორის ჟურნალს.

რესტორანი უმეტესად საქორწინო წვეულებებს აწყობს, თუმცა ამ დღეების განმავლობაში Tabrizi's-ში მხოლოდ უსახლკაროები იზეიმებენ.

ბალტიმორი ამერიკის შტატ მერილანდში დამოუკიდებელი ქალაქია, სადაც ადამიანებზე ზრუნავენ. 1 თვის წინ, ბალტიმორის სკოლებში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბავშვებს საჭმელი უფასოდ დაურიგონ.