5 ივლისს ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" გაიხსნა

"მომავლის ბანაკი", რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამაა, 5 ივლისს ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა და ამ დღესვე მას უკვე ეწვია მოსწავლეების პირველი ნაკადი. 12-დან 18 წლამდე 288 მონაწილე საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციამ შეარჩია.

მისალმებისა და 12 გუნდის წარდგენის შემდეგ, "ჩერლიდინგ" გოგონებმა ცეკვა შეასრულეს. ბანაკმა ოლიმპიურ ცეცხლსაც უმაპინძლა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დარჩა ბანაკის ტერიტორიაზე.

ღონისძიება სასკოლო ოლიმპიადის ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდა.

მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი უზრუნველყოფს. ბანაკის ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" თანამშრომლები ზრუნავენ.

"მომავლის ბანაკის" პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

"მომავლის ბანაკი" სულ 1728 მოზარდს მიიღებს.