თსუ კავკასიაში #1 სასწავლებლად დასახელდა

ვებომეტრიქსმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნომერ პირველ უნივერსიტეტად დაასახელა. უმაღლესმა სასწავლებელმა მსოფლიოs 23 887 უნივერსიტეტის რეიტინგში 2006 ადგილი დაიკავა. 

ვებომეტრიქსი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგს. ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციასაც.

თსუ–მ საქართველოს მასშტაბით გაუსწრო გასული წლების ლიდერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც წელს მსოფლიო რეიტინგში 2602–ე ადგილს დასჯერდა. 

სიის პირველ ასეულში 58 ამერიკული უნივერსიტეტი შევიდა. 

მსოფლიო რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი
  2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
  3. სტენფორდის უნივერსიტეტი
  4. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი
  5. კორნელის უნივერსიტეტი

მსოფლიოში ამ ტიპის ბევრი რეიტინგი არსებობს. ისინი უნივერსიტეტებს განსხვავებული კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ. ამიტომ ერთმა და იმავე უნივერსიტეტმა სხვადასხვა რეიტინგებში შეიძლება განსხვავებული ადგილი დაიკავოს.