თბილისის ზოოპარკში შვლის ნუკრი დაიბადა

13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ზოოპარკში შვლის ნუკრი დაიბადა.

ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდი ავრცელებს.

კავკასიური კეთილშობილი ირემის სახეობის ახალშობილი მდედრობითი სქესისაა და მას პირრა დაარქვეს. სახელი მითოლოგიურია და ზოოპარკისთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი - პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას.

"ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება. კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს პატარა ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა." - წერს თბილისის ზოოპარკი.

კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება.

თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამას ახორციელებს. აღდგენის პროგრამა მოიცავს კონსერვაციის გეგმის შემუშავებას, ირმის ტყვეობაში გამრავლებასა და საბოლოოდ მის რეინტროდუქციას (ხელახლა გაშვება) ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. ზოოპარკი იმედოვნებს, რომ სახეობის გადარჩენაში პატარა პირრა მნიშვნელოვან წვლის შეიტანს.

გთავაზობთ სტიქიას გადარჩენილი და შეფარებული ცხოველების ფოტო-გალერეას თბილისის ზოოპარკიდან.