ზურა ბალანჩივაძე აზერბაიჯანული "ნიჭიერის" მეორე ტურში გადავიდა

სტვენის ოსტატი ზურა ბალანჩივაძე, ქართული "ნიჭიერის" ფინალისტი, აზერბაიჯანული "ნიჭიერის" მეორე ტურში გადავიდა. მან პუჩინის ოპერა "ტურანდოტიდან" არია Nessun Dorma შეასრულა.

ზურამ ჯერ მხოლოდ კასტინგის პირველი ტური გაიარა და ახლა ელოდება ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებას, რათა გაიგოს, ნახევარფინალში მოხვდა თუ არა.

ზურას Goodnews.ge აზერბაიჯანულ "ნიჭიერსა" და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.

რამ გადაგაწყვეტინა აზერბაიჯანულ ნიჭიერში გასვლა?

ასე ვთქვათ, მიმიწვიეს. პირველი სეზონია და მრავალფეროვანი ნომრები ჭირდებათ. მეგობრის მეშვეობით დამიკავშირდნენ და მეც დავთანხმდი.

როგორი იყო აუდიტორიაში მყოფი მაყურებლისა და ჟიურის რეაქცია?

ძალიან დადებითი. პირველსავე მაღალ ნოტებზე მესმოდა ტაში. პრინციპში, მოულოდნელი არ ყოფილა. მოულოდნელი თვითონ ეს ჟანრია იმისთვის, ვინც პირველად უსმენს. ჟიურიმაც ერთხმად დადებითად შემაფასა.

მომავალში რა გეგმები გაქვს?

ძალიან მინდა რამდენიმე კარგი კონცერტი ბაქოში და ნახატების გამოფენა. ჯერ არ ვიცნობ იქაურ პუბლიკას და მის გემოვნებას. მაგრამ ბაქო დიდი და ხალხმრავალი ქალაქია, იქაურებსაც მოვეწონე და ვნახოთ, რა გამოვა. არც სხვა ქვეყნის კონკურსზე ვიტყოდი უარს. უკრაინული "ნიჭიერი" მხიბლავს ძალიან. ოღონდ იქ უფრო დიდი კონკურენციაა, მაგრამ ძალიან მინდა იქაც.

საქართველოში არაფერს აპირებ?

საქართველოში გამოფენები ძირითადად, რომლებსაც მე გავაფორმებ. არ მჭირდება მეტი. არ იმსახურებენ. ალბათ, არც ჭირდებათ და ამიტომ. ხარისხს მე არ დავაგდებ და სხვა არ მაინტერესებს.

როგორი მაყურებელია აზერბაიჯანში?

აზერბაიჯანელ მაყურებელს უყვარს ტრადიციულ თემატიკაზე აგებული ნომრები, თუმცა, როგორც ვნახე, დიდი ინტერესით აკვირდებიან სხვებსაც. ინტერესიანი ხალხია.

რა განსხვავება დაინახე ქართველ და აზერბაიჯანელ მაყურებელს შორის?

ცოტა გამოუცდელები არიან მსგავსი ტიპის შოუებისთვის, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე.

შოუს შემოქმედებით ჯგუფთან როგორი ურთიერთობა გაქვს? 

ძალიან თბილად და მეგობრულად ვმუშაობდით. სულ ყურადღების ცენტრში იყავით და უხერხულობა არ გვივრძვნია. ქალაქის დათვალიერებაშიც გვეხმარებოდნენ და რჩევებსაც გვაძლევდნენ.

როგორც ვიცით, უკვე თბილისში ხარ. როდის აპირებ ბაქოში დაბრუნებას?

მაისში, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა მონაწილეთა რაოდენობა და თანმიმდევრობა.

გამარჯვების შემთხვევაში, პრიზი რა არის?

მთავარი პრიზი ავტომობილია. ფინალისტებს ექნებათ კიდევ სხვადასხვა ჯილდო. მანქანების მოყვარული არ ვარ, თუმცა ფინალისტობა ძალიან მინდა. ბაქო შესაძლებლობებისა და შანსები ქალაქია. ასე რომ, რაც უფრო მეტს მივაღწევ "ნიჭიერში", მით მეტად დაეხმარება კარიერულ წინსვლაში. წარმატება მინდა ვუსურვო საკუთარ თავს და ჩემს თანამემამულეებს, რომელიც ასევე გამოდიან ამ სეზონზე.

ზურა ბალანჩივაძის გარდა აზერბაიჯანულ "ნიჭიერში" ქართული ანალოგის სხვა მონაწილეებიც ცდიან ბედს: ნონა გიუნაშვილი (ქვიშაზე ხატვა), დათო რობაქიძე და გიორგი ბაგუშვილი მუსიკალურ-ილუზიონისტური ნომრით და მიშიკო ჟვანია - "ვორქაუთი."