"როგორ შევზღუდოთ მანქანების მოძრაობა ფეხით სავალ ნაწილზე" - ახალი აქცია თბილისის ქუჩებში

თბილისის ტროტუარზე მანქანების მოძრაობის შესამცირებლად ახალი აქცია დაიწყო. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ ნატროშვილია და ამის შესახებ საკუთარ Facebook-ის გვერდზე ინსტრუქციას აქვეყნებს.

"როგორ დავიკავოთ ტროტუარები და შევზღუდოთ მანქანების მოძრაობა ფეხით სავალ ნაწილზე. 

საჭიროა: 

  • 8 საბურავი (შეგიძლიათ ნებისმიერ პროფილაქტიკაში გამოართვათ უფასოდ);
  • სპრეი - შესაღებად;
  • მიწა - სამი ტომარა ერთი ქოთნისთვის;
  • მცენარეები - აუცილებლად დაკონტეინერული, შეგიძლიათ იშოვოთ ნებიმისერ სანერგეში." - წერს მარიამი.

საბურავები იხვრიტება და თოკებით მაგრდება ერთმანეთზე, შემდეგ იღებება და აქციიაში ჩართულ ადამიანებს ადგილზე მიაქვთ. აუცილებელია, რომ ტროტუარზე მანქანა ჯერ არ იყოს დაპარკინგებული.

"ერთი განიერი ქუჩის გადაკეტვას თითო მხარეს/ბოლოს ორ-ორი ქოთანი სჭირდება (ორივე მხრიდან 4) ვდებთ საბურავის ქოთნებს, ვყრით მიწას, ვრგავთ მცენარეს, ვრწყავთ, ვუკეთებთ კუსტარულ საირიგაციო სისტემას (გადაჭრილ ბოთლს) და გარშემო მაღაზიებს ვუტოვებთ წერილს თხოვნით რომ მიხედონ და მორწყან ხოლმე მცენარეები.

გააკეთეთ ყველგან.

დაიკავე ტროტუარი."

თბილისში ხშირად მძღოლები ქვეითებისთვის სასიარულო მონაკვეთებს მანქანით კეტავენ და ტროტუარზე მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ნაწილზე გადააადგილება შეუძლებელი ხდება. სანამ ამის დარეგულირებაზე მერია იზრუნებს, მოქალაქეები საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ დაუპირისპირდნენ გადატვირთულ ტროტუარს.