ქართველმა მოსწავლეებმა "ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე" გაიმარჯვეს

"ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი" ყოველწლიური კონკურსია 16 წლამდე მოსწავლეებისათვის, რომელიც 4 სამეცნიერო დისციპლინას მოიცავს: ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას და მათემატიკას.

2015 წელს ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 10 გუნდი მონაწილეობდა.

1 გუნდით წარსდგენენ საქართველოდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან და ხორვატიიდან, 2 გუნდით სერბეთიდან, 3 გუნდით კი რუსეთის ფედერაციიდან.

საქართველოს გუნდი სამი სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული:

  • კომაროვის საჯარო სკოლა – ნინო ქიმაძე და დიანა სოხაშვილი;
  • ილია ვეკუას სახლეობის საჯარო სკოლა – თომა რთველიაშვილი და გიგა ხიზანიშვილი;
  • ანდრია რაზმაძის სახელობის საჯარო სკოლა – გვანცა ცუცხაშვილი და მათე შარვაძე.

გუნდს 2 მწვრთნელი ამზადებდა: თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გურამ მიქაბერიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა საბაშვილი.

ტურნირზე საქართველოს გუნდმა 5 დაძაბული ტური გაიარა: ჯერ უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა (რუსეთის სამივე გუნდი, ბელორუსია და მასპინძელი სერბეთის ორივე გუნდი) და საბოლოოდ ფინალში მოხვდა, სადაც არანაკლებ დაძაბულმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მონაწილე 3-ვე გუნდი (საქართველო, ჩინეთი და ხორვატია) პირველი ადგილის მფლობელად გამოცხადდა.

რაც შეეხება კონკურსის წესებს: მონაწილეებს წინასწარ ეგზავნებათ ამოცანები, რომლებიც რთულ სამეცნიერო პრობლემებს შეიცავენ და მათი ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელია, თუმცა მონაწილეებს ევალებათ მაქსიმალურად ნათლად და რაციონალურად დაამუშაონ პრობლემა და შეისწავლონ ის სხვადასხვა პარამეტრის კუთხით.

თითოეული ტური ტარდება 3 გუნდს შორის, რომელთაგან ერთი წარადგენს დამუშავებულ პრობლემას, მეორე ოპონირებას უწევს მას, ხოლო მესამე მიმოიხილავს მათ კამათს. ჟიური აფასებს პრობლემის რაციონალურად ამოხსნას, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარებს, მათ მიერ დაწერილი ქულებით კი ვლინდება საბოლოო გამარჯვებული.

კონკურსის წესები ითვალისწინებს ჟიურის ცდომილებასაც, რაც განპირობებულია სუბიექტური გადაწყვეტილებით. 2 ქულის სხვაობა ითვლება ცდომილების ფარგლებად და თუ "დამარცხებული" გუნდი 2 ქულაზე ნაკლებს აიღებს, ის არ ითვლება დამარცხებულად.

საქართველომ ამ ბრძოლაში მხოლოდ 0.1 ქულა დათმო ჩინელებთან და 1 ქულით აჯობა ხორვატებს. შესაბამისად 3-ვე გუნდს ოქროს მედლები გადაეცა.