ჯგუფ LOUDspeakers-ის სადებიუტო ალბომი უკვე გაყიდვაშია

გაყიდვაში გამოვიდა LOUDspeakers-ის ალბომი Lighthouse, რომელიც ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარია.

ალბომი Bravo Records-ში პროექტ "ცოცხალის" ფარგლებში ჩაიწერა და მასში ათმა სიმღერამ მოიყარა თავი. ახალ სიმღერებთან ერთად, ალბომში ჯგუფის უკვე ცნობილი ტრეკებიცაა შესული.

სტუდიაში ჩაწერების დაწყებამდე, ჯგუფის წევრები ერთი თვე აქტიურად ემზადებოდნენ, თავად ჩაწერა კი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. სიმღერებში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტიც ცოცხლად, სტუდიაშივე ჩაიწერა.

ბენდი 2009 წელს ალეკო დოლიძემ და ლევან ცხვარაძემ ჩამოაყალიბეს. მათი დებიუტი 2010 წლის Altervision/Newcomers ფესტივალზე შედგა. ჯგუფი 2014 წელს ესპანეთში, ქალაქ ბურიანას Arenal Sound ფესტივალზეც გამოვიდა.

ახალი ალბომის Lighthouse შეძენა უკვე შეიძლება მაღაზიაში G.U.R.U. music და ონლაინ-მაღაზიაში Bravissimo.ge.